საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ძვირფასო სტუმარო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირთან საქართველოს მისიისა და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე. შევეცდები მეგზურობა გაგიწიოთ მრავალფეროვნებით, კულტურითა და ისტორიით მდიდარ, ლამაზ ქვეყანაში, რომელმაც დრამატული პოლიტიკური ტრანსფორმირება განიცადა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

ჩვენი მისიის მიზანია, მაქსიმალურად დავაახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან. საქართველოს მოსახლეობამ ცალსახად აირჩია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობის, განვითარებისა და ქართული დემოკრატიის კონსოლიდირების უზრუნველყოფის ერთადერთი გზაა.

ბოლო რამდენიმე წელი გამოირჩევა ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის ინტენსივობითა და ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული შედეგებით. საქართველომ გამოიყენა „აღმოსავლეთ პარტნიორობით“ გახსნილი ყველა შესაძლებლობა და ამ ეტაპზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებითა და ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.

რა თქმა უნდა, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება და უვიზო რეჟიმია, რაც საქართველოს მხრიდან დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგად მიიღწა.

„ასოცირების შეთანხმება“ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. შეთანხმება ითვალისწინებს თითოეულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეფორმების ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. „ასოცირების შეთანხმებით“ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება გავხდეთ კიდევ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე ქვეყანა, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით, რაც გამოიხატება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობით საქართველოში და ჟენევის მოლაპარაკებებში ევროკავშირის ჩართულობით. თავის მხრივ, საქართველოს წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში და მონაწილეობს ევროკავშირის მიერ განხორციელებულ კრიზისის მართვის მისიებში.

საქართველო, ასევე ერთგულია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ეს ერთგულება საერთო ინტერესებსა და ფასეულობებს ემყარება. ამ მხრივ, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს როლი მნიშვნელოვანია. საქართველოს, ევროკავშირის დამფუძნებელ ამ ორ სახელმწიფოსთან, ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა გააჩნია. ვიმედოვნებ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ბელგიისა და ლუქსემბურგის ფართო საზოგადოებას ექნება საქართველოს უკეთ გაცნობის შესაძლებლობა. ურთიერთმიმოსვლა, კულტურის სფეროში საქმიანობა და აკადემიური სახის გაცვლითი პროგრამები მნიშვნელოვანია მხარეებს შორის კავშირების განმტკიცების, მეგობრობის ჩამოყალიბების და ცოდნის გაზიარების კუთხით.

საქართველოს საელჩო, ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეების სამსახურშია. ვიმედოვნებ, რომ ეს ვებგვერდი დაგეხმარებათ, სასარგებლო ინფორმაციის, მათ შორის საკონსულო მომსახურების თაობაზე სასურველი ინფორმაციის მოძიებაში. ვებგვერდის მეშვეობით, რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას საელჩოში დაგეგმილი ღონისძიებების, საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების თაობაზე.