საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პანკისელი პედაგოგებისთვის ბრიუსელში სასწავლო ვიზიტი განხორციელდა

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ნატალი საბანაძესთან. სტუმრებს ელჩი ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობისა და ევროპული ღირებულებების შესახებ ესაუბრა.
მასწავლებლები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსაც ეწვივნენ, სადაც გაეცნენ ევროკავშირის პროექტების, საქართველოსთან ურთიერთობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ინფორმაციას.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა ბელგიის კერძო სკოლაში -"Ecole International Mongomery”.  პედაგოგები ბელგიური განათლების სისტემის მახასიათებლებსა და სკოლაში სწავლების მეთოდებს გაეცნენ.
"ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილთან ზოგჯერ გვიწევს კამათი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე პირადად არ მქონია ამაზე განსხვავებული აზრი და უარყოფითი შეხედულება, მაგრამ აქედან დაბრუნებული კიდევ უფრო შევეცდები, რომ ავუხსნა და ცნობიერება ავუმაღლო ჩემს მოსწავლეებს", - აღნიშნავს დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური.
პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ხორციელდება, საგარეო უწყების ცენტრალურ აპარატთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
პროექტის მხარდამჭერი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაა.