საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომის განცხადებები მედიისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:
 
მივესალმები ქალბატონი სესილია მალმსტრომის ჩამობრძანებას საქართველოში და მინდა, მადლობა გადავუხადო მას ამ ვიზიტისთვის. ევროკომისართან და მის გუნდთან ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კერძოდ, სავაჭრო ურთიერთობა.
 
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა და ბუნებრივია, ამ ურთიერთობების დინამიკაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ისტორიულ შეხვედრას,  გასული წლის  21 ნოემბერს, როდესაც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთვის შექმნა ფორმატი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბრიუსელში - ევროკომისრებთან ერთად განგვეხილა დამატებითი პერსპექტივები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში.
 
ჩვენ რამდენიმე წელია, ვსარგებლობთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და კარგი შედეგები. პირველ რიგში, მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ დინამიკაზე, რომელიც გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ევროკავშირია საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირის ბაზარზე და ამავე დროს ფართოვდება საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი. მისასალმებელია, რომ 800-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე. ისინი თავიანთ პროდუქციას ყიდიან წარწერით - Made in Georgia, რაც განსაკუთრებით საამაყოა და მინდა, თითოეულ ამ კომპანიას მადლობა გადავუხადო.
 
ჩვენს მეწარმეებს ეზრდებათ მოტივაცია, აწარმოონ ევროპული ხარისხის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ევროკავშირის ხარისხის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და უკვე ევროპულ ბაზარზე შეგვიძლია გავიტანოთ ქართული თაფლი და შავი ზღვის თევზი. ამასთან ერთად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პროდუქციის ახალ სიაზე, რომლის გატანასაც სამომავლოდ შევძლებთ ევროპის ბაზარზე.

ევროკომისიის დახმარებით, შევიმუშავეთ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას. ვფიქრობ, ეს არის სწორი მიდგომა, რომ ჩვენ გვქონდეს ექსპორტის განვითარების არა მხოლოდ ზოგადი სტრატეგია, არამედ ამავე დროს, სამოქმედო გეგმა თითოეული პროდუქტის მიხედვით.
 
მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესში, ასევე იმ ხელშეწყობისთვის, რომელსაც იჩენს ევროკავშირი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე.
 
ამ მიმართულებით, მინდა გამოვყო საფინანსო შეთანხმება „უნარების განვითარების მხარდაჭერაზე", რომლის ფარგლებშიც, საქართველო მიიღებს ევროკავშირის მხრიდან თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას. ჩვენი მოსახლეობის დასაქმება ჩვენი მთავრობის მთავარი საზრუნავია, პროფესიული განათლება კი არის მოკლე გზა ამ გამოწვევის დაძლევისკენ. შესაბამისად, ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ განათლების სექტორში და სადაც პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ადგილი აქვს. ჩვენ ყველა რესურსს მივმართავთ იმისკენ, რომ განათლება გახდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დომინანტი სექტორი.

ასევე მინდა გამოვყო საფინანსო შეთანხმება - „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში", რომლის ფარგლებშიც საქართველოსათვის გათვალისწინებულია 48 მილიონ ევრომდე დახმარება.   აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სამ მიმართულებაზე -  კომერციული დავების უფრო სწრაფი გადაწყვეტის უზრუნველყოფაზე, საფინანსო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნესმოდელების ჩამოყალიბების პროცესების ხელშეწყობაზე. მსგავსი მიმართულებით მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს  რეგიონის ეკონომიკური ცენტრი.
 
ასევე მინდა გამოვყო ევროკავშირის პროგრამა DCFTA Facility, რომელიც მეწარმეებისთვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
 
ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკომისარს გავაცანით მთავრობის ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკური მოდერნიზაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით, ასევე მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კუთხით. ჩვენ ვქმნით ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკას, რომელიც სამართლიან და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ თამაშის წესებზე იქნება აგებული და ამაში ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გვაქვს.
 
ჩვენ მზად ვართ და ეს არის ჩვენი მოტივაცია, რომ მოვახდინოთ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი. ვფიქრობ, 5 მარტს ბრიუსელში ჩვენს მიერ წარდგენილი საგზაო რუკა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოოთ საქართველო ევროკავშირის სტრუქტურებს. ბუნებრივია, ვაჭრობის სფეროს ამ მიმართულებაში განმსაზღვრელი როლი აქვს და მსურს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო.
შარშან საფუძველი ჩაეყარა ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას - შორის ვაჭრობის საკითხებში არაფორმალურ მინისტერიალს და ქალბატონი მალმსტრომი იყო ამ იდეის ავტორი. მინდა, კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირო ამ ფორმატს და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ევროკომისარს ამ ინიციატივისთვის.
 
მოგეხსენებათ, 11-12 ივლისს,  ბათუმში, ჩვენ ვგეგმავთ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10  წლისთავის აღნიშვნას. ამ ღონისძიების ფარგლებში,  ჩვენ გავმართავთ მასშტაბურ საინვესტიციო ფორუმს, სადაც ბიზნესწრეების წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილნი და კიდევ ერთხელ მოგვეცემა საშუალება, განვიხილოთ, რა გვაქვს დამატებით გასაკეთებელი ერთობლივად, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა კიდევ უფრო წავახალისოთ და ახალ დონეზე ავიყვანოთ.
 
და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქალბატონ კომისარს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და იმ ძალიან დიდი წვლილისათვის, რომელიც მას შეტანილი აქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ,  საქართველოსა და ევროკავშირის შორის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპულ ოჯახში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის თვალსაზრისით. 

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი:

დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ჩემთვის დიდი პატივია, რომ კვლავ ვიმყოფები თბილისში. მინდა, ვისაუბრო ჩვენს ღრმა და ინტენსიურ ურთიერთობებზე. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარია, რაც ჩვენს ურთიერთობაში უზარმაზარი წარმატებაა. თუმცა, ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია და სწორედ ამიტომ ვიმყოფები საქართველოში. 
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განვიხილე ის პერსპექტივები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ, რათა ქართველმა მეწარმეებმა უკეთ იცოდნენ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ ევროკავშირის ბაზარმა და უკეთესი წვდომა ჰქონდეთ ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ვცდილობდით, ეკონომიკის მინისტრთან ერთად გამოგვევლინა გზები და საშუალებები იმისა, რომ ქართველ მეწარმეებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეიძლება, საქართველომ უკეთ გამოიყენოს საექსპორტო პოტენციალი და თუ ამ პროცესში რაიმე სირთულეები არსებობს, ისინი მაქსიმალურად ეფექტურად გადავლახოთ. 
მნიშვნელოვანია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ვულოცავ ამას საქართველოს. ეს განზრახვები უნდა გადაიზარდოს საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ევროკავშირიდან საქართველოში უკვე ხორციელდება ინვესტიციები და გვინდა, მისი მასშტაბები მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი კონსოლიდაცია შემოვიტანოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატში, რომ ჩვენი საქმიანობა მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული გახდეს და ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნას სამუშაო ადგილები. 

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე და კიდევ უფრო მეტის ნახვა გვსურს. ჩვენ საკრედიტო საშუალებებს ვაწვდით საქართველოს მეწარმეებს, ფერმერებს. უკვე გამოიყო 80 მილიონი ევრო, რომლითაც ათასობით ფერმერი სარგებლობს და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. 
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე უკვე კარგად ფუნქციონირებს, თუმცა მუდმივად საჭიროებს ზრდა-განვითარებას. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეფორმები. ვიმედოვნებთ, დემოკრატიული რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველო კვლავაც ისარგებლებს იმ უპირატესობით, რაც დაკავშირებულია ჩვენს საერთო ღირებულებებთან. ეს განწყობა უნდა შენარჩუნდეს, ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა, უნდა იყოს გათვალისწინებული და მოსახლეობისა და ინვესტორების მხრიდან რეფორმებისადმი სრული ნდობა არსებობდეს.

ასევე, გვსურს, საქართველომ განავითაროს შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის. ხორციელდება რეფორმები უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ ამას მივესალმებით. არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა. ჩვენს ხალხთაშორის ურთიერთობებში გაუმჯობესებული მობილობა და ვიზალიბერალიზაცია, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა.  პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს. 

დიდი მადლობა მასპინძლობისა და თანამშრომლობისთვის.