საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბათუმის კონფერენციაზე

პრეზიდენტო ტუსკ,

ქალბატონო პრეზიდენტო,

პარლამენტის თავმჯდომარევ,

ძვირფასო სტუმრებო,

საქართველოს მეგობრებო,

ჩემო მეგობრებო,

ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია გიმასპინძლოთ ბათუმში, რადგან ეს ქალაქი კარიბჭეა ანტიკური დროიდან მოყოლებული. მისი ისტორიული ფესვები ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნიდან იღებს დასაბამს. ეს არის ქალაქი, რომელიც უნატიფესი ევროპელი არქიტექტორების მიერ აშენდა და საუკუნეების წინ გააჩნდა „პორტო ფრანკოს" სტატუსი და ახლა უკვე 2019 წელს ევროპის წამყვან ტურისტულ დანიშნულებად მიიჩნევა განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალში.

მოგესალმებით ქალაქ ბათუმში!

და მოგესალმებით საქართველოში!

წლევანდელ კონფერენციაზე საზეიმოდ აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს და ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიოს რუკაზე მოინიშნა როგორც ოფიციალური პირების, მეცნიერების და მოაზროვნეების შეკრების ადგილი, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს ევროპულმა გზამ შეკრიბა, არამედ საერთო ევროპული გამოწვევების შესახებ განსჯამ. ამ გამოწვევებისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ 2009 წელს აანთო ათწლეულების მანძილზე მოკიაფე ტრანსფორმაციისა და მოდერნიზაციის ტალღა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში. ხსენებულ რეგიონს გარკვეული გამოწვევები გააჩნდა, თუმცა ამ ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი წარმატებებიც იქონია.

მათ შორისაა საქართველოს მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული განვითარება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ის გახლავთ, რომ მთელს მსოფლიოს დავუმტკიცეთ რამხელა ტრანსფორმაციული ძალა გააჩნია ევროკავშირს! მზარდი ევრო-სკეპტიციზმის პერიოდში საქართველოს  წარმატება მათ ეჭვებს აქარწყლებს, რადგან დავამტკიცეთ, რომ ევროპა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი და ევროკავშირს მილიონობით ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება ძალუძს.


თუმცა, აქვე უნდა დავძინო, რომ ყოველივე ეს ვერ მოხდებოდა თქვენნაირი საქართველოს ერთგული მეგობრებისა და ჩვენში რწმენის მქონე ადამიანების გარეშე.


პრეზიდენტო ტუსკ,

მიიღეთ ჩემგან გულწრფელი მადლიერება და დაფასება ყველა იმ დაუღალავი წუთისა და წამისთვის, რაც საქართველოსა და ზოგადად ევროპისთვის გიღვაწიათ.

დიდი მადლობა!

ძვირფასო მეგობრებო,

საქართველოს ევროპული არჩევანი არ არის უბრალო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის ხალხიდან წამოსული, ქართველების მიერ გაკეთებული არჩევანი და ეს არჩევანი ცივილიზაციურია. ეს გახლავთ საუკუნეების წინ ჩემი ერის მიერ ფასეულობებზე დაფუძნებული არჩევანი.

საქართველოს მთელი ისტორია გაჯერებულია ბრძოლებით საერთო და საზიარო ფასეულობებისთვის. საქართველო არასდროს ყოფილა პროგრესისა და უსაფრთხოების ფონის დამამძიმებელი თავისუფალი მოთამაშე. პირიქით! საქართველო ყოველთვის იყო და არის ყველა ჩვენგანის გამაერთიანებელი ფასეულობების სადარაჯოზე და წინა ხაზზე მებრძოლი ქვეყანა. საქართველო ბევრს სთავაზობს ევროპას! კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და სხვა მიმართულებების გარდა, სადაც ჩემს ქვეყანას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, უსაფრთხოების მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვან მოთამაშედ წარმოჩინდება.

შავი ზღვის უსაფრთხოებამ ახლახან უშველებელი მნიშვნელობა შეიძინა და მინდა ამასთან დაკავშირებით ევროპელ მეგობრებს მივმართო:

შავ ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საერთო ევროპული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე საუბარი და საქართველო მზადაა ამ მიმართულებითაც იქცეს ევროკავშირის მთავარ პარტნიორად.

ყველა დაბრკოლების მიუხედავად მოვახერხეთ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა, ჩვენი საერთო ევროპული კულტურა და ფასეულობები, რაც გადამწყვეტია უფრო დაცული და აყვავებული ევროპისთვის!


ძვირფასო მეგობრებო,

კოლეგებო,

ასოცირების შეთანხმების სრული ძალით ამოქმედების, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეში გაწევრიანების შემდეგ გაგვიჩნდა მუხტი, რომელიც უკვალოდ ვერ დაიკარგება. ვრჩებით აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მიზნების ერთგულნი, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. მზად ვართ ვაკეთოთ მეტი, თუმცა თქვენგანაც მეტია საჭირო!

ასოცირების შეთანხმება საქართველოს ისტორიაში საეტაპო მოვლენად აღიბეჭდება და ქვეყანას მისცემს მის ძირძველ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობას. ხსენებული თარიღიდან საქართველოსა და ევროპის ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები აყვავების გზას დაადგა, ხოლო ეკონომიკური შესაძლებლობები გამოცოცხლდა. ბუნებრივად ვითარდება და იზრდება კულტურული კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგან საერთო ევროპული იდენტობა გაგვაჩნია. ქართულ კულტურას გადამწყვეტი როლი აკისრია საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან სწორედ კულტურა და საერთო ფასეულობებია მთავარი კატალიზატორი და დასაბუთება იმისა, რომ ევროპული ოჯახის ნაწილია საქართველო.

გვესმის, რომ მეტი უნდა გაკეთდეს და მზად ვართ გავცდეთ საკუთარ შედეგებს, ახალი სამიზნე ორიენტირი დავისახოთ მთავრობაში და ქვეყანაში. ეს არის სწორედ ცალმხრივად ნაკისრი ვალდებულებების მიზანი, რაც „ევროკავშირისკენ გზამკვლევში" განვსაზღვრეთ.

მუხტის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია ორმხრივ ურთიერთობებში და საჭიროა ახალი, დამატებითი შესაძლებლობები გამოინახოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის გარდა, ახალი არხები უნდა მოისინჯოს ევროკავშირთან საქართველოს უფრო მჭიდრო ასოცირებისთვის და სამომავლო ურთიერთობის ფორმების განსაზღვრისთვის.

საქართველოს ცხადად ესმის, რომ ევროკავშირთან პარტნიორობა ეფუძნება თავად პარტნიორების შესაძლებლობებსა და ნება-სურვილს. გარწმუნებთ, რომ ორივე გაგვაჩნია. გვსურს და შეგვიძლია დარგობრივი ინტეგრაცია. ამ მიმართულებით ყველამ უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, ამ გზაზე ჩვენ თქვენი მხარდაჭერა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომა გვჭირდება, რათა საკმარისი პირობები შეიქმნას ჩვენს ქვეყანაზე და ქართულ საზოგადოებაზე ტრანსფორმაციული ეფექტის მქონე რეფორმების განსახორციელებლად.

მთელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია გაჟღენთილია თავისუფლების, ჩვენი საერთო ფასეულობებისა და იდენტობის დაცვისკენ მიმართული ძალისხმევით. იდენტობაში ვგულისხმობ კულტურულ და ეროვნულ გენეტიკურ კოდს, რომელმაც მეტისკენ სწრაფვის უნარი გამოიმუშავა და კარგად იცის, რომ საზიანო გარემოებებს არასოდეს აძლევს მომავლის განსაზღვრის უფლებას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ გამოწვევებს არასოდეს ვაძლევთ აწმყოს ფორმირების უფლებას. სწორედ ამიტომ ვდგავართ მხარდამხარ ჩვენს დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე.

ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა გააჩნია ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. ეს იქცა ჩემს თეზად და საფუძვლად დაედო ყველა იმ რეფორმასა და ინიციატივას, რომელსაც ქვეყანაში ნერგავს ჩემი მთავრობა.

საქართველოში შექმნილი ყველა დადებითი მუხტის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა კვლავ იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გამოწვევების წინაშე. სრული მასშტაბით მიმდინარეობს მზარდი მილიტარიზაცია და წუთობრივად იზრდება დეპოპულაციის მასშტაბი. ასე მაგალითად, 5-6 ჯერადად შემცირდა ადგილობრივი მაცხოვრებლების რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ.

ყოველივე ამის შედეგად, საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად გვიწევს საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება. ამასთან დაკავშირებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისთვის მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გამოწვევები არა მხოლოდ ქართველების დასაძლევია, არამედ ჩვენი საერთო ევროპული მიზანია მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოებისა და ოჯახების გაერთიანება. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ვუზრუნველვყოთ საერთაშორისო სამართლის, კანონის უზენაესობის პრინციპისა და ადამიანის უფლებების მიზანმიმართულ უგულვებელყოფასთან შეუგუებლობა!

ჩემი ამოცანაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შევუქმნა ჯეროვანი ჯანდაცვისა და კონკურენტუნარიანი განათლების შესაძლებლობები. გვინდა შევქმნათ მიკრო და მცირე მეწარმეობის შესაძლებლობები, რათა ჩვენს მოქალაქეებს ოჯახების რჩენის საშუალება ჰქონდეთ. სწორედ ეს არის ჩვენი ახალი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მიზანი და ამ მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება ჩემო მეგობრებო. ევროპის მხარდაჭერას საჭიროებს ამ პროექტის ამოქმედება.


საქართველოს ისტორიის და ოკუპაციის განმაპირობებელი ფაქტორების დამახინჯების მცდელობების მიუხედავად, არ მივეცემით სასოწარკვეთას და არ დავბეჩავდებით! საქართველოს ევროპული გზა ჩვენი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია, რაც მეტად წარმატებულ საქართველოს გულისხმობს და ამდენად - მეტად აყვავებულ, შევსებულ და დაცულ ევროპულ ოჯახს.

ოკუპაციით დამძიმებული გამოწვევები მრავალმხრივია. ბოლო ორიოდე კვირის განმავლობაში საქართველოში ეს თვალნათლივ დადასტურდა, თუმცა რეაგირება მტკიცეა: დემოკრატიული კონსოლიდაცია და მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა წინსვლის ერთადერთი გზაა.

საქართველო საყოველთაოდ აღიარებულია ჩვენი რეგიონის დემოკრატული ტრანსფორმაციის შუქურად. ადამიანის უფლებების სფეროში ძლიერი რეფორმები განვახორციელეთ, რამაც ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის გაგრძელება უზრუნველყო და ბუნებრივად მოიცვა მრავალფეროვნება და ტოლერანტობა. საქართველო სრულად საპარლამენტო რესპუბლიკაა კონსტიტუციის ახალი რედაქციით. საქართველოს პოლიტიკის ქრონიკებში ახალი თავის შემოქმედნი გავხდით, რადგან ბარიერის გარეშე პროპორციული საარჩევნო სისტემა სრულ პოლიტიკურ ინკლუზიურობას უზრუნველყოფს.

ამასთანავე, ყოვლისმომცველი რეფორმების ახალი ტალღის განხორციელება დავიწყეთ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ტრანსფორმაციას და მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გვაქცევს.

ერთ-ერთი მათგანი უდავოდ რევოლუციურია და ვიტყოდი, რომ  თამაშის ახალი წესების განმსაზღვრელიცაა. მხედველობაში მაქვს უდავოდ ეროვნული იდეა - განათლების სისტემის რეფორმა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში განათლების სექტორის არსებული მოწყობა  დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა.

ახალი რეფორმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად 6 პროცენტის, ე.ი. სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედის, გამოყოფას გულისხმობს განათლების სექტორისთვის. კერძო სექტორის მონაწილეობასთან ერთად მშპ წილობრივად ორთადარიგიან წვლილს მივიღებთ და განათლება ჩვენს ეკონომიკაში დოვლათის შემქმნელ წამყვან სექტორად გადაიქცევა.

მხოლოდ ძლიერი პროფესიონალი და განათლებული ადამიანები შეძლებენ ქვეყნის აყვანას იმ სიმაღლეებამდე, რაც ჩვენ დავისახეთ მომავალი თაობებისთვის.


ქალბატონებო და ბატონებო,

საქართველო არის ადგილი, სადაც ცხოვრება და მუშაობა უნდა ინატრო! მზად ვართ ყველა არსებულ ტენდენციას მივცეთ გასაქანი და დადებითი ცვლილებების ნაწილში [რინგის] ლიდერებად ვრჩებით ქვეყანაში, სადაც სამართლის უზენაესობის პრინციპია დამკვიდრებული და ევროპისკენ აღებული გეზი ერთადერთ მიმართულებად მიიჩნევა.

თუმცა, ყველა ამ გეგმის ხორცშესხმისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობას დამატებითი მექანიზმები მყისიერად უნდა შეექმნას. ჩვენის მხრივ მზად ვართ გავაგრძელოთ მეტის კეთება, თუმცა ჯერი თქვენზეა - ახალი მექანიზმებია შემოსათავაზებელი ახალი სამიზნე ორიენტირების დასახვისთვის და ჩემპიონი ქვეყნის - საქართველოს - და მისთა მსგავსთათვის ახალი შედეგების მისაღწევად.

დასკვნის სახით მხოლოდ ერთს ვიტყვი: საქართველოსთან ერთად ევროპა უფრო ძლიერია და როგორც საქართველოში ამბობენ - ძალა ერთობაშია!

დიდი მადლობა!