საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს სოფლის მეურნეობის, მევენახეობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრს, ფერნარდ ეტგენს შეხვდა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს სოფლის მეურნეობის, მევენახეობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მინისტრს, ფერნარდ ეტგენს შეხვდა
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური შეხვედრა ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს შორის პირველად გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე რეფორმები და თანამედროვე ტენდენციები, ასევე, ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოდან ლუქსემბურგში ღვინის, თხილისა და მწვანილის ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებს.
აგრეთვე, ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებად მეცხოველეობა და რძის წარმოება განისაზღვრა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოვეს მომავალში დაიგეგმება ლუქსემბურგში სამინისტროს წარმომადგენლებისა და ქართველი ფერმერების ერთობლივი სამუშაო ვიზიტი, რაც საშუალებას მისცემს ქართულ მხარეს გაეცნოს მეცხოველეობისა და მერძეული მიმართულებით არსებულ ერთ-ერთ საუკეთესო პრაქტიკას, ვინაიდან ლუქსემბურგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ზემოხსენებული სფეროში მოწინავე პოზიციებს იკავებს.
შეხვედრას ქართული მხრიდან  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ესწრებოდნენ.