საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ევროკომისართან, ვიტენის ანდრიუკაიტისთან გამართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ევროკომისართან, ვიტენის ანდრიუკაიტისთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და სამომავალო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.
არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა ყურადღება გავრცელებული ახალი მავნებლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე გაამახვილა. როგორც ევროკომისარმა განაცხადა, მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სისტემის ტექნიკური, მატერიალური და ადამიანური რესურსის გაძლიერების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს.
შეხვედრაზე ევროკომისიის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში მხარდაჭერას აღუთქვა, თუმცა ევროკომისარმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს მხრიდან გაგრძელდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ცხოველთა დაავადებების აღმოფხვრისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროკავშირში ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდის კონტექსტში.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, საქართვლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.