საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა გაიმართა

26 აპრილს ქ. ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის (PAC) მეექვსე სხდომა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან და ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რაც ევროპარლამენტის არაერთ რეზოლუციაშია ასახული. ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. მან ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობას ქვეყანაში ევროპული ნორმებისა და სტანდარტების დამკვიდრების თვალსაზრისით, რასაც უკვე მოაქვს კონკრეტული შედეგები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ხაზი გაესვა ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის დაწყებას, სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით უმაღლესი დონის ფორმატის შექმნას, ევროკავშირის სააგენტოებთან, მათ შორის ევროპოლთან ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლისა და ვაჭრობის ზრდას.
საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის სხდომის უვიზო მიმოსვლის საკითხისადმი მიძღვნილ სესიაზე, ვახტანგ მახარობლიშვილმა დადებითად შეაფასა უვიზო რეჟიმის ამოქმედებით მოსახლეობის მიერ მიღებული სარგებელი. აღნიშნულ კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ევროპარლამენტის წევრებს გააცნო საქართველოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები უვიზო რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
კომიტეტის სხდომაზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მთავრობის მტკიცე მზაობას, გააგრძელოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ფართომასშტაბიანი რეფორმები, და უფრო მეტიც გააკეთოს, რაც ქვეყანას მაქსიმალურად დააახლოებს ევროკავშირთან. ამასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მთავრობა ამჟამად მუშაობს საგზაო რუკაზე, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის არსებული მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას, და ასევე, განსაზღვრავს ახალ შესაძლებლობებს ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისთვის, მათ შორის სექტორული მიმართულებით.

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ევროკავშირის და კონკრეტულად, ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.