საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 4 წელი შესრულდა

ზუსტად ოთხი წლის წინ, 2014 წლის 27 ივნისს, ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით.  

ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.
 
საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის გაიხსნა 500 მილიონიანი ევროკავშირის ბაზარი, გაიზარდა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
 
საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების პროცესში, საქართველო გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი,  საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან, საქართველომ დაიწყო მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე და სხვა. 
 
ასოცირების შეთანხმებამ ხელო შეუწყი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და ქვეყანაში ევროპული ფასეულობების დამკვიდრებას. განხორციელდა  მნიშვნელოვანი რეფორმები ისეთ სფეროებში როგორებიცაა, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, კანონის უზენაესობა, ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, საზღვრის მართვა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სხვა.
 
ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე, საქართველომ 400 მილიონ ევრომდე ევროკავშირის ფინანსური დახმარება მიიღო, რომელიც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ხმარდება კანონის უზენაესობის, საჯარო სამსახურის რეფორმის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში.