საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის მმართველ დირექტორთან ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, თომას მაირ-ჰარტინგთან და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაართან.

შეხვედრებზე განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობასა და ამ ფორმატების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება განუხრელად აგრძელებს სვლას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზაზე და ამ მიმართულებით გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფასდაუდებელ როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციაში.

თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა და გამოთქვეს მზაობა სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის ქმედითი ჩართულობის გაგრძელებაზე.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal