საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST), ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და აღინიშნა, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის  საქმიანობის ხუთ უმთავრეს პრიორიტეტს შორისაა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობას ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრების თვალსაზრისით, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ვახტანგ მახარობლიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებზე, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგზე, რომლის მეორე შეხვედრაც 2018 წლის 23 ოქტომბერს გაიმართება, ასევე საქართველოსა და  ევროკავშირს შორის მაღალი დონის დიალოგის ახალ ფორმატზე, რომლის პირველი შეხვედრაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით 2018 წლის 21 ნოემბერს გაიმართება. აღინიშნა, რომ ახალი ფორმატი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას.

მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა ,,ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მეტ დაახლოებას ევროკავშირთან, როგორც საკანონმდებლო, ისე  ინსტიტუციურ დონეზე.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებს, მათ შორის უვიზო მიმოსვლას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეებისათვის. ამასთან, ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზომებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რაც მიზნად ისახავს უვიზო რეჟიმის დარღვევების აღკვეთას და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის მინიმალიზაციას.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, როგორც უსაფრთოხების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. მან ხაზი გაუსვა  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების მნიშვნელობას და მათი ჩატარების აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლი ვითარების მონიტორინგსა და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების პროცესში და მიესალმა მისიის მანდატის გაგრძელებას. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და სიცოცხლის ხელყოფის კონკრეტულ ფაქტებზე. ევროკავშირის წარმომადგენლებს ეთხოვათ შესაბამისი რეაგირება, რათა შემდგომში თვიდან იქნას აცილებული მსგავსი ფაქტები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შესულ პირებზე შეზღუდვების დაწესების გზით. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე - ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ევროკავშირის წარმომადგენლები მიესალმნენ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს და გატარებულ კომპლექსურ რეფორმებს. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal