საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრა გაიმართა

ქ. ბრიუსელში უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ: ევროკავშირის მხრიდან - საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბელიარი, ხოლო ქართული მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს  საგარეო პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრზე, რეგიონში არსებული ვითარების და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. მხარეებმა განიხილეს საქართველოს  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების განხორციელების საკითხი.

შეხვედრაზე განხილული იქნა  ენერგოუსაფრთხოების, რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობრივი ექსტრიმიზმის და ჰიბრიდული საფრთხეებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხები. ევროკავშირის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს გააცნეს უსაფრთხოების სფეროში დახმარების მომავალი გეგმები. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს წვლილი ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, ევროკავშირის ეგიდით განხორციელებულ ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის ჩათვლით, და განიხილეს ამ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები.

უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეორე  შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე მხარის მჭიდრო თანამშრომლობის ძლიერი ინტერესი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

,,შეხვედრამ კარგი შესაძლებლობა მოგვცა, განგვეხილა მსოფლიოში არსებული ვითარება, ასევე შეგვეჯამებინა უსაფრთხოების მიმართულებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაო. ევროკავშირი აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში, რასაც ადასტურებს საქართველოს აქტიური მონაწილეობა ევროკავშირის კრიზისის მართვის მისიებსა და ოპერაციებში. ევროკავშირი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ერთგულად აგრძელებს ჩართულობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით” - განაცხადა გენერალური მდივნის მოადგილემ ჟან-კრისტოფ ბელიარმა.

,,უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძალზედ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ამ თანამშრომლობის მიზანია პოლიტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის დაახლოების ხელშეწყობა იმისათვის, რომ უკეთ გავუმკლავდეთ ჩვენს საერთო საფრთხეებსა და გამოწვევებს. ევროკავშირს მნიშვნლოვანი წვლილი შეაქვს  საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობითა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებით. თავის მხრივ, საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა.

საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი მოიცავს საერთო ინტერესების საკითხებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით. უსაფრთხოების საკითხებზე რიგით  მეორე შეხვედრა  2018 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal