საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო ევროკავშირისაგან სხვადასხვა პროექტებზე 231 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს

2018 წლის 21 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით დაგეგმილი უმაღლესი დონის პირველი შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორ შეთანხმებას და ერთ დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც საერთო ჯამში საქართველო 231 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს სხვადასხვა პროექტებზე. 
 
შეთანხმებას და დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა. 
 
ხელი მოეწერა ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის  ჯამში 97 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტების განხორციელებას მოხმარდება, კერძოდ საფინანსო შეთანხმება „უნარების განვითარების მხარდაჭერა“(Skills Development and Matching for Labour Market Needs) წარმოდგენს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework – SSF) 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ  პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან 49 მილიონ ევრომდე (48 850 000) დახმარებას მიიღებს. პროგრამა მიზნად ისახავს ადამიანური რესურსებისა და მათი უნარების გაძლიერების გზით საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა  საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლების იმ უნარების გაუმჯობესებას, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათივე დასაქმებისათვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ შექმნა და დანერგა შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, გააუმჯობესა პროფესიული განათლების ხარისხი და ხელი შეუწყო პროფესიული განათლებიდან  დასაქმებაზე გადასვლის პროცესის გამარტივებას. საფინანსო შეთანხმება „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში“ (Economic and Business Development in Georgia) წარმოადგენს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework – SSF) 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ  პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან დაახლოებით 48 მილიონ ევრომდე (47 650 000) დახმარებას მიიღებს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოსა და მისი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. ამასთან, პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 3 ძირითად თემატურ მიმართულებას: კომერციული დავების უფრო სწრაფი და სამართლიანი გადაწყვეტის უზრუნველყოფა, საფინანსო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნეს მოდელების ჩამოყალიბების (ბიზნესის განვითარების (Business sophistication) მაჩვენებლის ზრდა) ხელშეწყობა.
 
დღესვე, დავით ზალკალიანმა და იოჰანეს ჰანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework – SSF) 2018 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე. ევროკავშირის დახმარების 2018 წლის სამოქმედო გეგმა უპრეცენდენტოა თავისი მასშტაბებით და ითვალისწინებს საქართველოსთვის 134 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას.
134 მილიონი ევროდან, დაახლოებით 55 მილიონი ევრო ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის (NIF - Neighbourhood Investment Facility) მეშვეობით მოხმარდება საინვესტიციო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხოლო 79 მილიონი განაწილდება შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე: ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური პოლიტიკა (18.6 მილიონი ევრო);უსაფრთხოება და კანონის უზენაესობა (27  მილიონი ევრო); საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა (33.5 მილიონი ევრო).

Occupied Territories of Georgia

eVISA portal