საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ხელი მოეწერა პროექტის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II” (Georgia Transport Connectivity II) საფინანსო შეთანხმებას

ევროკავშირი საქართველოს მხარდასაჭერად ყოველწლიურად მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას გამოყოფს, რაც საქართველოს მოდერნიზაციას, განვითარებას და ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ემსახურება. სხვა მიმართულებებთან ერთად, ევროკავშირის დახმარება მოიცავს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ მიმართულებით, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით.
                              
2019 წლის 19 თებერვალს საქართველოს მთავრობასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB)  შორის ხელი მოეწერა პროექტის „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაცია II” (Georgia Transport Connectivity II) საფინანსო შეთანხმებას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, საზღვრისპირა და რეგიონული კავშირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მობილობის გაძლიერების ხელშეწყობას, საგზაო უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას.
 
საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის 250 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფა სესხის სახით, რომელიც მოხმარდება საქართველოში საავტომობილო გზების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.