საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შაორის „მომავლის ბანაკი“ ქართველი სტუდენტებისთვის

 

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“-ს ორგანიზებით, ხორციელდება პროგრამა „მომავლის ბანაკი“, რომლის ფარგლებში მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში იგეგმება მასშტაბური პროექტი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. შაორის „მომავლის ბანაკის“ ძირითადი თემაა მოხალისეობა და 5 საბანაკე დღე მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ აქტივობებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას, ჩაერთოს პროგრამაში და განახორციელოს პროექტი „მომავლის ბანაკი“, რომლის ფარგლებში მონაწილეობა შეუძლიათ საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 18-25 წლის ასაკის 24 ქართველ სტუდენტს, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

პროექტში მონაწილეთა საქართველოში გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ჯგუფების დაკომპლექტებისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი და საბოლოოდ, ბანაკის მონაწილეთა სია გაეგზავნება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“. ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან“ (მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 76 ბ). მონაწილეთა ტრანსპორტირების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

გთხოვთ, მიმდინარე წლის 8 მაისამდე, საკონსულოს ელ. ფოსტის მისამართზე belgium.consulate@mfa.gov.ge მოგვაწოდოთ ინფორმაცია ბანაკში მონაწილეობის მსურველ პირთა შესახებ. ასევე, გაცნობებთ, რომ კანდიდატების შესარჩევად წარმოსადგენია:

 

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საერთაშორისო პასპორტი);

ცნობა უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის  სტატუსის შესახებ;

საერთაშორისო დაზღვევა;

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.

 

გასათვალისწინებელია, რომ მომავლის ბანაკში გამგზავრება მოხდება ექვს ნაკადად შემდეგ თარიღებში: 27 – 31 ივლისი, 2-6 აგვისტო, 8-12 აგვისტო, 14-18 აგვისტო, 20-24 აგვისტო, 26-30 აგვისტო.