საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროკავშირის ფინანსურ ინსტიტუტებთან სამუშაო შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ევროპული ინვესტიციების მნიშვნელობას მთლინად რეგიონის განვითარებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკების (EIB) წარმომადგენლების შეხვედრაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ქვეყნებში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
 
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთახმების ეფექტური იმპლემენტაციის მიმართულებით.
 
ხაზი გაესვა შავი ზღვის და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან სატრანზიტო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
 
ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა  ევროკავშირის ტრანს-ატლანტიკური სატრანზიტო ქსელის (TEN-T)  საინვესტიციო გეგმის განხორციელების მნიშვნელობა.
 
ხაზი გაესვა ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აქტიურ მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული სფეროების, მათ შორის   მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროცესში, დადებითი შეფასება მიეცა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს და ორგანიზაციის მიერ საქართველოსთან მიმართებაში წარმოდგენილ სტრატეგიას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.
 
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე განათლების სექტორის განვითარების სამთავრობო ხედვაზე, როგორც ქვეყნის მდგრადი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს საინვესტიციო, ბიზნეს შესაძლებლობებს, ქვეყნის მზარდ   ტურისტულ პოტენციალს.
 
დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ევროპული ინსტიტუტების აქტიური ჩართულობის და ზოგადად ევროპული ინვესტიციების მნიშვნელობას როგორც საქართველოს ინტეგრაციის მიზნების ეფექტური განხორციელების, ასევე მთლინად რეგიონის განვითარებისთვის.