საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მამუკა ბახტაძემ და ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. საუბრისას ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო არის 100 პროცენტით ევროპული ქვეყანა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, რომლის მიღწევები მისასალმებელი და თვალშისაცემია. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ საგზაო რუკას, რომელიც ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად და აღინიშნა, რომ საქართველო იმსახურებს მეტს.

საუბრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. მხარეების შეფასებით, სწორედ ამის დასტურია ევროკავშირის მიერ სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი უმაღლესი დონის ფორმატი, რომლის შეხვედრა გასული წლის ნოემბერში ბრიუსელში შედგა.

მთავრობის მეთაურმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს განათლების მასშტაბური რეფორმის შესახებ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა თბილისში "ევროპული სკოლის" გახსნა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული დონის განათლების მიღების საშუალებას მისცემს.

მამუკა ბახტაძისა და ჟან-კლოდ იუნკერის შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.