საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგრანტო პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2021 წლის შესარჩევი კონკურსი დაიწყო

მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ გახსნილად გამოაცხადა საგრანტო პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, რომლის მიზანია საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობის განვითარება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგრანტო პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. მისი ამოცანაა ,,ახალგაზრდა ელჩების“ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

პროგრამის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.

აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა საშუალება მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და მათ მიერ კულტურულ-შემეცნებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სხვა ინიციატივების განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას.

მიმდინარე, 2021 წელს, პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში. პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.