საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ბელგიის მონარქს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ბელგიის მონარქს რწმუნებათა სიგელები გადასცა. საზეიმო ცერემონია ბელგიის სამეფო სასახლეში გაიმართა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, მეფე ფილიპმა ახლადდანიშნული ელჩი აუდიენციაზე მიიწვია. ელჩმა ხაზი გაუსვა ბელგია-საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეებმა, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ელჩმა მეფე ფილიპს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადა ბელგიის სამეფოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბრისას, ელჩმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კავშირების გაღრმავებაზე. ასევე, ისაუბრა საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის - „ევროპალია საქართველოს” სამზადისზე, რომელიც 2023 წელს ბელგიის სამეფოში გაიმართება და საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.