საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრები სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შეხვდნენ

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის.

შეხვედრაზე სამი ქვეყნის პირველი დიპლომატების მიერ აქცენტი გაკეთდა ასოცირებული ტრიოს შექმნის მნიშვნელობასა და მიზნებზე და აღინიშნა, რომ ტრიოს ფორმატის დაფუძნება ლოგიკური და დროული განვითარებაა იმ პროცესებისა, რომლებიც ამ ქვეყნებს აერთიანებთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვის გზაზე.

ამავდროულად, შეხვედრებისას მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, განსაკუთრებით 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილი სამიტის გათვალისწინებით.

ევროკომისართან  შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ კონკრეტულ მიმართულებებსა და პრიორიტეტულ სფეროებზე, რომლებშიც ასოცირებული ქვეყნები დაინტერესებულები არიან ევროკავშირთან დიალოგის ფორმატების ჩამოყალიბებით. მინისტრების განცხადებით, ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციას, რაც მიიღწევა ევროკავშირის რეგულაციებსა და სექტორულ პოლიტიკასთან მეტი თავსებადობის გზით.

შეხვედრისას ქართული მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან დაკავშირებულობის გაძლიერებასა და კონკრეტულად შავ ზღვაზე სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე, ციფრულ სფეროში ევროკავშირთან დაახლოებაზე, ასოცირებულ ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე და ა.შ. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გარემოს რეგიონში, ოკუპაციის და რუსეთის აგრესიის შედეგად არსებულ გამოწვევებს და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას.