საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს, ფილიპ ლეგლიზ-კოსტას შეხვდა

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა 2021 წ. 6 სექტემბერს შეხვედრა გამართა ევროკავშირში საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩთან ფილიპ ლეგლიზ-კოსტასთან.
ევროინტეგრაცია საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მეორე მხრივ, საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად იქცა. ამის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი. ევროკავშირს და საქართველოს არაერთი შესაძლებლობა მიეცემათ მომავალ თვეებში ამ შესაძლებლობების განსახორციელებლად და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განსავითარებლად.
მხარეებმა ვაჭრობის შემდგომი გააქტიურების, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო და ენერგოკავშირების გაღრმავებისა და, ასოცირების შეთანხმების შესრულების გზით, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს უფრო ფართო დაშვების გზები განიხილეს.
დიპლომატები ასევე შეეხნენ ევროკავშირის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება განიხილეს.
მხარეებმა ასევე ისარგებლეს შემთხვევით და აღნიშნეს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების წარმატებით მიმდინარეობა, რაც პირველ რიგში ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ინვესტიციებში გამოიხატება. ამასთან, აღინიშნა, რომ ამ მხრივ მეტი პოტენციალი არსებობს, რათა უფრო მეტი ფრანგული ბიზნეს-კომპანია დაინტერესდეს საქართველოში ინვესტირებით.
ელჩები ასევე შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას, განსაკუთრებით ევროკავშირის საბჭოში საფრანგეთის მომავალი თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.