საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC) უნგრეთის წარმომადგენელს, ელჩს ბალინტ ოდორს შეხვდა

2021 წლის 29 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი შეხვდა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC) უნგრეთის წარმომადგენელს, ელჩს ბალინტ ოდორს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და განიხილეს  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მზარდი დინამიკა. დისკუსია შეეხო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებს,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიერ წარმოქმნილ ახალ შესაძლებლობებსა და შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების საკითხებს.

ამასთან, საქართველოს ელჩმა უნგრელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებების შესახებ, მათ შორის, რუსეთის მიერ  2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების თაობაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.