ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

EU Georgia Business Council http://eugbc.net/

შეთანხმების არსი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ  უმნიშვნელოვანესი ნაწილია (IV კარი - ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები), რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. 

საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისაგან განსხვავებით, DCFTA გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ.: სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა) და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას - ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი.   DCFTA მოიცავს შემდეგ თავებს:

  • საქონლით ვაჭრობა
  • ვაჭრობაში დაცვითი ზომები
  • ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება 
  • სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები
  • საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა
  • დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია
  • მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა
  • საჯარო შესყიდვები
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
  • კონკურენცია
  • ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში
  • გამჭვირვალობა
  • ვაჭრობა და მდგრადი განვითარება
  • დავების მოგვარება
  • დაახლოების ზოგადი დებულებები
  • DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, DCFTA-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნული, საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ DCFTA-ის მოლაპარაკებების პროცესში ქართულმა მხარემ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას ევროკავშირთან სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით. ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი (ნიორი-კვოტის ფარგლებში) გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე. მნიშვნელოვნად გამარტივდება საქართველოდან მომსახურების ექსპორტი ევროკავშირში. ქართულ, მომსახურების სფეროს, კომპანიებს მიეცემათ საშუალება უმეტეს სექტორებში:

    • დააფუძნონ ფილიალები ევროკავშირის ქვეყნებში და მათი საშუალებით მიაწოდონ მომსახურება ევროპელ მომხმარებელს;
    • თავიანთ ევროპულ ფილიალებში დაასაქმონ ქართველი მენეჯერები, სპეციალისტები და გაატარონ პრაქტიკა თავიანთ თანამშრომლებს;
    • გაუშვან თავიანთი გაყიდვების წარმომადგენლები ევროკავშირში, მათი პროდუქციის გაყიდვის მიზნით მოლაპარაკებების საწარმოებლად;
    • მიაწოდონ მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან, ევროკავშირში ფილიალების გახსნის გარეშე.

    ქართველ სპეციალისტებს, ინდივიდუალურად თუ კომპანიებს შორის გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, მიეცემათ საშუალება გასწიონ მომსახურება ევროკავშირში. შეთანხმება ასევე მოიცავს პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების მექანიზმებს. ამის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაადვილდება ქართველი სპეციალისტების მიერ მომსახურების გაწევა ევროკავშირის ქვეყნებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქართული საქონელი და მომსახურება ეტაპობრივად მიიღებს დაშვებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვებში.  

    შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინა მოსამზადებელი პერიოდი  DCFTA-ის მოლაპარაკებებისათვის მომზადების პროცესი დაიწყო 2009 წელს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისათვის მომზადების პროცესს საფუძველი დაუდო ევროკომისიის ფაქტების შემსწავლელი მისიის (Commission services' fact-finding trade mission) ვიზიტმა თბილისში, 2008 წლის 13-14 ოქტომბერს. 

    აღნიშნული ვიზიტის შედეგად, 2009 წლის მარტში ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა რეკომენდაციები  სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ (EU Commission’s Recommendations Regarding Georgia’s Preparedness for the DCFTA Negotiations). 

    რეკომენდაციების მიხედვით მოლაპარაკებების დაწყებისათვის ევროკომისიის მიერ პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი 4 სფერო: ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებები (სურსათის უვნებლობა), ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და კონკურენცია. აღნიშნულ სფეროებში (ინტელექტუალური საკუთრების ულებების გარდა), ევროკომისიის მოთხოვნის თანახმად საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ყოვლისმომცველი სტრატეგიები: 

     

    ინტელექტუალური საკუთრების ულებების დაცვის კუთხით UNDP–ის ხელშეწყობით განხორციელებულ იქნა კვლევა ინტელექტუალური საკუთრების უფლების ხელყოფასა და პირატულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოში. მოლაპარაკებების დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ ასევე მიიღო სამრეწველო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სტრატეგია. შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესი და შემდგომი ეტაპები

    DCFTA-ზე მოლაპარაკებების პროცესი ოფიციალურად გაიხსნა 2011 წლის დეკემბერში. მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა 6 რაუნდი და ათეულობით ვიდეო-კონფერენცია. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში.  მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო საქართველოს ყველა შესაბამისი სამინისტრო და უწყება, ხელმძღვანელი პირებისა და ექსპერტების დონეზე. ასოცირების შეთანხმების პარაფირება (მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელების მიერ შეთანხმების თითოეულ გვერდზე ინიციალების დასმით, მოლაპარაკებული ტექსტის დადასტურება) მოხდა 2013 წლის 28-29 ნოემბერს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის ფარგლებში. 

    2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას. ხოლო შეთანხმების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ა/წ 18 ივლისს.

     

    2014 წლის 1 სექტემბრიდან, დაიწყება შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების, მათ შორის DCFTA-ს ამოქმედება. ამასთან, ასოცირების შესახებ შეთანხმების დანარჩენი ნაწილი ევროკავშირის მხრიდან ამოქმედდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიერ რატიფიცირების შემდეგ.

     

    საქართველოს მთავრობის  მიზანია ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაცია, რისი წინაპირობაცაა DCFTA-ის იმპლემენტაცია. DCFTA-ის წარმატებით განხორციელების მიზნით, 2014 წლის 28 ივლისს, დამტკიცდა 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შედგენილია უწყებების მიერ მოწოდებული განსახორციელებელი ღონისძიებების საფუძველზე.  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2014 - 2017 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით მომზადდა 2014 წლის ანგარიში, რომელიც USAID–ის დახმარებით გამოიცა ბროშურის სახით (ქართული,  ინგლისური). 2015  წლის 26 იანვარს, საქართველოს მთავრობის №59 განკარგულების საფუძველზე დამტკიცდა  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ნაწილთან დაკავშირებულ 2015 წლის სამოქმედო გეგმას

     

     

     

     

    კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3 4 5
    6 7 8 9 10 11 12
    13 14 15 16 17 18 19
    20 21 22 23 24 25 26
    27 28 29 30 31    

    დიასპორის სტრატეგია

     

     

     

     
    საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
    დამზდებულია ITDC–ის მიერ