ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

პრემიერ მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი

ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრს - ბრიუსელს ეწვია.

პირველი შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართა. დონალდ ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს ევროინტეგრაციის დღის წესრიგით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.

გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა მიულოცა.

პრემიერის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი მოტივაციაა ქვეყანაში დადებითი ცვლილებების განსახორციელებლად. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

შეხვედრა ჟანკ-კლოდ იუნკერთან

ისტორიული დღე ევროკავშირისა და საქართველოსთვის - ასე შეაფასეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა (Jean-Claude Juncker) და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულება. ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა და მას მადლობა გადაუხადა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი განიხილეს და ხაზი გაუსვეს მიღწეულ შედეგს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთი დასტურია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის აღიარების.გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, ხოლო ევროკავშირმა თავის მხრივ დაადასტურა, რომ ევროპული არჩევანი კონკრეტული შედეგების მომტანია და რომ ევროკავშირი თავისი პრინციპებისა და დანაპირების ერთგულია.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის დარღვევებისა და არალეგალური მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.ბრიუსელში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ