ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიხაილ როთი და მიხეილ ჯანელიძე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წარმატების 5 ინიციატივას ასახელებენ

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაილ როთი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის დღეს გამოცემა Euroactive-ში ერთობლივ ოპედს აქვეყნებენ.

საგაზეთო პუბლიკაციაში მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზნებზე და სამომავლო ამოცანებზე საუბრობენ. მინისტრები გამოყოფენ 5 ინიციატივას, რომელმაც აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო მეტად წარმატებული უნდა გახადოს.

ესენია:▪ ყურადღების გამახვილება ხალხსა და მათ საჭიროებებზე▪ კონკრეტულ შემდგომ ნაბიჯებზე კონცენტრირება▪ ახალგაზრდა თაობის პოტენციალის წახალისება▪ მთავარია რეფორმები▪ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები საერთო თანამშრომლობის ჩარჩოშიერთობლივი ოპედი: „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოქალაქეებთან დაახლოება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზანია ექვსი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსიის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის კიდევ უფრო დაახლოვება ევროკავშირთან, ევროპაში კონფრონტაციის ხაზების შექმნის გარეშე. 2009 წლიდან, ინიციატივის შექმნის შემდეგ, ბევრი რამ იქნა მიღწეული: საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და უკრაინასთან გაფორმდა ასოცირების შესახებ შეთანხმებები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დიდი წარმატებაა საქართველოსთვის, რაც ჩვენს საზოგადოებებს შორის დინამიურ გაცვლას ხდის შესაძლებელს და ხელს უწყობს ადამიანების შორის მობილობის გაზრდას. მრავალმხრივმა ფორმატებმა მნიშვნელოვნად განამტკიცა კონტაქტები და თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 34 წევრ ქვეყანას შორის.

როგორ შთამბეჭდავადაც არ უნდა ჟღერდეს, კვლავაც უმთავრეს დავალებად რჩება ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ინსტიტუციონალური და მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ჩარჩოს ჩვენს მოქალაქეებთან დაახლოება. ევროკავშირში არც თუ ისე ბევრ ადამიანს სმენია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ. მაშინ როდესაც საქართველოში, რომელიც მოწინავე ქვეყანაა ევროპული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში ხალხის მხარდაჭერამ 80%-ს გადააჭარბა, რაც დღესდღეობით საქართველოს ევროპაში, ევროკავშირის მიმართ ყველაზე ენთუზიასტ ქვეყანად ხდის. „აღმოსავლეთ პარტნიორობა" მხოლოდ მაშინ იქნება წარმატებული, თუ ხალხი იგრძნობს და დაიჯერებს მის პოზიტიურ შედეგებს და დაინახავს კონკრეტულ გაუმჯობესებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენი მოლოდინია , რომ ჩვენი საერთო მომავალი ერთიან ევროპაშია.

სწორედ ამიტომ, ერთობლივად გვსურს გამოვყოთ ხუთი იდეა, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ საკითხის პოპულარიზაციას:

ყურადღების გამახვილება ხალხსა და მათ საჭიროებებზე

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" რეფორმების დღის წესრიგი მიზნად ისახავს ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ იმ რეფორმებს, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს ყველა მოქალაქისთვის: ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო რეფორმა, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება და ამგვარად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ისევე როგორც ჩვენი საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესება. გადაწყვეტილების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესში უფრო მეტად უნდა ჩავრთოთ მმართველობის ადგილობრივი დონეები, რადგან ისინი ბევრად უფრო ახლოს დგანან ხალხთან და მათ საჭიროებებთან. ასევე, უნდა გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა მათი მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში და მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა. უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი საჯარო დიპლომატია. უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ როგორც ჩვენს მიზნებზე, ასევე იმ სირთულეებზე, რომელთა გადალახვაც გვიწევს მათ მისაღწევად. ამგვარად, საზოგადოებას შეუძლია გახდეს ჩვენი ღირებული მოკავშირე საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. თავისუფალი და პლურალისტური მედია გაუმჯობესებული კომუნიკაციის აუცილებელი ინსტრუმენტია.

კონკრეტულ შემდგომ ნაბიჯებზე კონცენტრირება

აუცილებლად უნდა გავცეთ დამაჯერებელი პასუხი შეკითხვას - რა არის შემდეგი „აღმოსავლეთ პარტნიორობაში?" დღესვე შეგვიძლია დავიწყოთ მთელი რიგი ერთობლივი პროექტების განხორციელება. სატრანსპორტო და ენერგეტიკული კომუნიკაციების სფეროში მეტი ინვესტიცია ყველასათვის სარგებლის მომტანია. მიმზიდველად ჟღერს დისკუსიები როუმინგის ტარიფების გაუქმებისა და ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე შესვლის შესახებ. ევროკავშირის ერთიან ბაზართან დასაახლოვებლად მაღალი სიხშირის გადამცემების შექმნა შეიძლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყოს. რატომაც არ უნდა, განვიხილოთ უფრო მეტად შეთანხმებული საერთო ძალისხმევის განხორციელება კერძო სექტორის თანამშრომლობის კუთხით, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო საწარმოებისა და კვალიფიციური პროფესიონალების ევროკავშირის შრომით ბაზარზე გამარტივებული წვდომის საკითხები. უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და უსაფრთხოების სხვა საკითხებზე ყველასათვის უფრო მეტი სტაბილურობის მომტანი იქნება.

ახალგაზრდა თაობის პოტენციალის წახალისება

ექვს პარტნიორ ქვეყანაში ბევრი მაღალკვალიფიციური და აქტიური ახალგაზრდაა. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს პოტენციალი როგორც მათი ქვეყნების, ასევე, მთელი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სასარგებლოდ. ამ მიზნით, უნდა დავეხმაროთ პარტნიორებს გააუმჯობესონ საგანმანათლებლო სისტემები, ხელი შეუწყონ ურთიერთგაცვლას სტუდენტებსა და მეცნიერებს შორის, შექმნან სამუშაო ადგილები და ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პოტენციალის სრულად გამომჟღავნებას. მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ევროკომისიის მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის გამოცხადებული „ახალგაზრდობის პაკეტი", რომელიც ითვალისწინებს სპეციალურად ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი მთელ რიგ ინიციატივებსა და პროექტებს.

მთავარია რეფორმები

ჩვენ უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზანი ფუნდამენტური ღირებულებების მხარდაჭერაა, რომელსაც ვიზიარებთ - - დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ეკონომიკური განვითარება ევროკავშირის სამეზობლოში ეს უკავშირდება საზოგადოებების ტრანსფორმაციას. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების რეალური სურვილის შემთხვევაშია შესაძლებელი. საბოლოოდ, ცვლილებებს მხოლოდ საფუძვლიანი და მდგრადი რეფორმების იმპლემენტაცია მოიტანს. ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ამ რეფორმებს. უნდა ვიპოვოთ უკეთესი გზები მათ წასახალისებლად, რაც გულისხმობს, მაგალითად, ფინანსური დახმარების მიმართვას უფრო მიზანმიმართულად, კონკრეტული რეფორმების პროგრესის შესაბამისად ან პროექტებზე მორგებულ დახმარებას.

ინდივიდუალური გადაწყვეტილებები საერთო თანამშრომლობის ჩარჩოში

და ბოლოს, „აღმოსავლეთ პარტნიორობა" აერთიანებს ექვს ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ პარტნიორ ქვეყანას - განსხვავებულს როგორც არსებული მდგომარეობით, ასევე მათი მისწრაფებებით. ევროკავშირი აღიარებს დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს. ევროკავშირმა უნდა უპასუხოს აღნიშნულ განსხვავებებს და მოახდინოს მისი ინსტრუმენტების ადაპტირება და მორგება თითოეულ ინდივიდუალურ კონტექსტზე. თუმცა, მრავალმხრივ ჭრილში, საჭიროა ექვსივე პარტნიორთან ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელება და შენარჩუნება. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ რეგიონის სტაბილურობა და კეთილდღეობა არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ განვითარებაზეა დამოკიდებული, არამედ უფრო მეტად, ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაზე.

ამ მხრივ, დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი სამიტი, შესანიშნავ შესაძლებლობას გვთავაზობს ხელი შევუწყოთ ამ ერთობლივ მისწრაფებებს ევროპაში ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

ოპედი ინგლისურ ენაზე იხილეთ: https://www.euractiv.com/section/europe-s-east/opinion/bringing-the-eastern-partnership-closer-to-the-citizens/

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ