საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში ლიეტუვას მუდმივმოქმედ წარმომადგენელს, ელჩს, სიმონას სატუნას შეხვდა

2021 წლის 14 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირში ლიეტუვას მუდმივმოქმედ წარმომადგენელთან, ელჩთან, სიმონას სატუნასთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები და 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენის საკითხი. ვახტანგ მახარობლიშვილმა ლიეტუველ კოლეგას გაუზიარა საქართველოს მხარის მოლოდინები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალ სამიტთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.

განხილვის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების თემატიკა. ასევე, საქართველოში გამართული მუნიციპალური არჩევნები და მეორე ტურისთვის მზადების პროცესი.

მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.