საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს იოანეკე ბალფორტს შეხვდა

2021 წლის 27 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, შეხვედრა გამართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის (SECDEFPOL) დირექტორთან იოანეკე ბალფორტთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების კუთხით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და განსაკუთრებულად აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა, რომლის მანდატიც ითვალისწინებს 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგს. აღინიშნა, რომ მისია თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის კუთხით და ღირებული წვლილი შეაქვს ადგილზე სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მონიტორებს, რომელთა მანდატიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, დღემდე შეზღუდული აქვთ წვდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე.