საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორს ლუკ ლიებოტს შეხვდა

2022 წლის 13 იანვარს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორთან, ლუკ ლიებოტთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბელგიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობებისა და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა 2022 წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის აუცილებლობაზე.   

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ბელგიელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების და განსაკუთრებით ევროკავშირის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში წინსვლის მიზნით.

შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიური სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.