საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა

2022 წლის 15-16 მარტს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპარლამენტის წევრებს, ვიტოლდ ვაშიკოვსკის (ევროპელი რეფორმისტებისა და კონსერვატორების ჯგუფი) და მარკეტა გრეგოროვას (მწვანეების ჯგუფი) შეხვდა.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, განხილულ იქნა საქართველოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. 

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურაღება ასევე დაეთმო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილი განაცხადის საკითხს და საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით და მიმოიხილა ამ მიმართულებით არსებული სამომავლო გეგმები. ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობას და ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის მნიშვნელოვან როლზე ამ მიმართულებით.