საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი სათანადოდ აღიარებს საქართველოს ხანგრძლივ ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის - ილია დარჩიაშვილი

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იმ გმირების ხსოვნის დღეა, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე  თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებისთვის დათმეს, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის იმედის დღეც, რომ მათი მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელის მერიის ისტორიულ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. 

წლევანდელი დღესასწაულის განსაკუთრებულობის კიდევ ერთი მიზეზი, დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანას უკავშირდება, რომელიც ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში საკუთარი ადგილის დასაკავებლად საქართველოს ხანგრძლივი და დაუღალავი ძალისხმევის ლოგიკური გაგრძელებაა. 

როგორც დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს უამრავ გამოწვევასთან მოუხდა გამკლავება, მაგრამ მან შეძლო და მთელ რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითად იქცა. „ეს წარმატება კი წარმოუდგენელი იქნებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს თანმიმდევრული სწრაფვის გარეშე“. ამ სწრაფვისთვის, მინისტრის თქმით, საქართველომ უმაღლესი საფასური გადაიხადა: „დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც საქართველოს შუაგულში ხელოვნური მავთულხლართებია აღმართული, ხოლო დედაქალაქიდან 60 კილომეტრის დაშორებით რუსული ჯარი დგას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ყოველდღიურად უქმნის ეგზისტენციალურ საფრთხეს“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მისი თქმით, ევროპული არჩევანი მხოლოდ უკეთეს ცხოვრებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას არ უკავშირდება და მისი ფესვები საქართველოს ისტორიულ წარსულში და თავად ქართველთა ცნობიერებაშია საძიებელი. „საქართველოს მოსახლეობის 70-80 პროცენტი მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. ქართველები საკუთარ თავს ევროპული ოჯახის წევრებად მოიაზრებენ  და თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას საკუთარი ღირსების საქმედ თვლიან“.

თავის გამოსვლაში, მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ „საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური მშვიდობისა და სტაბილურობის მხოლოდ მომხმარებელი კი არ არის, არამედ ევროკავშირისა და ნატოს საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. 


როგორც ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატობის მოსაპოვებლად ზოგიერთ წევრ ქვეყანასაც კი არ გაუწევია იმდენი ძალისხმევა, რამდენიც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ გასწიეს. 

„იმედი მაქვს, რომ თავიანთ გადაწყვეტილებაში,  ევროკავშირის წევრი ქვეყნები  სათანადოდ ასახავენ ჩვენი რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევების სერიოზულობას და  აღიარებენ ჩვენი ქვეყნების ხანგრძლივ ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში.

მისი თქმით, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის უკრაინის ბრძოლის ფონზე, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში ჩვენი ქვეყანა უკრაინელი ხალხის გვერდით დგას

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას ილია დარჩიაშვილმა მიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ბელგიის სამეფოს, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე ბრიუსელში აკრედიტებული დიპკორპუსი.