საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტის წევრთან მიხაილ გალერთან შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი განიხილა

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხებს, რომელიც ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის ფარგლებში გაიმართა.
 
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით.
 
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტის ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა.
 
რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ გამოწვევებზე. აღინიშნა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
 
2022 წლის 6 სექტემბერს, ბრიუსელში საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში - ჟოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა.