საქართველოს ელჩის ვახტანგ მახარობლიშვილის მიმართვა
ძვირფასო თანამემამულეებო,
2023 წელი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. საკმაოდ დატვირთული წელი ქონდა საქართველოს საელჩოსაც - გვქონდა გამოწვევები და გვქონდა მნიშნელოვანი მიღწევებიც, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე; და მე ამაყი ვარ, რომ 2023 წელს, საქართველომ, ამ ისტორიული მიზნის მისაღწევად კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ევროპულმა საბჭომ, ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. გარდა იმისა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს ქვეყანას, ის, ასევე, დამატებითი სტიმულია ჩვენთვის, რათა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გავწიოთ საბოლოო მიზნის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისაღწევად, მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის.
2023 წელი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო ბელგიისა და ევროპის მასშტაბით საქართველოს მრავალსაუკუნოვანი უნიკალური ისტორიის, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის და თანამედროვე ხელოვნების წარმოჩენის კუთხითაც. საქართველო, პირველად იყო კულტურის პრესტიჟული ფესტივალის, „ევროპალია“ მასპინძელი ქვეყანა. „ევროპალია-საქართველოს“ ფესტივალის ფარგლებში, საქართველო წარმოდგენილი იყო ქართული კულტურის მრავალფეროვანი მიმართულებებით. ოთხი თვის განმავლობაში ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში გაიმართა მრავალი გამოფენა, კონცერტი, თეატრალური წარმოდგენა, საგანმანათლებლო პროექტი, ლიტერატურული შეხვედრა და სხვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კულტურა, არასდროს ყოფილა წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ამგვარი უპრეცენდენტო მასშტაბით.
ვსარგებლობ შემთხვევით და გულწრფელ მადლობას გიხდით ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია ემიგრაციაში მყოფი თანამემამულეების მხრიდან. მჯერა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით და სამშობლოსადმი სიყვარულით შევძლებთ საქართველოსთვის უკეთესი მომავლის აშენებას.
დადგა 2024 წელი და ბევრი თქვენგანი საახალწლო დღესასწაულებს ქართული ტრადიციებით აღნიშნავს, ოჯახებთან და ახლობლებთან ერთად. დამეთანხმებით, ჭეშმარიტი საშობაო განწყობა, ასევე, სიყვარულის, ზრუნვის და სიხარულის გაზიარებაა. ამიტომ, მინდა გულითადად მოგილოცოთ ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული და გისურვოთ ჯანმრთელობა, ბარაქა, წარმატება და სამშობლოს კეთილდღეობა.