ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 2025 წლის 11 ივნისს, ქ. ბრიუსელში, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობისა და ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა. ელჩმა ისაუბრა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ბრძოლაზე თავისუფლებისთვის, რის შედეგადაც, 107 წლის წინ, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება და პროგრესული, ევროპული სტანდარტის კონსტიტუციის მიღება გახდა შესაძლებელი.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ურყევ სწრაფვას, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, რაც 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის დასრულების შემდეგ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა. გამოსვლისას, ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსიდან.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ისტორიული უწოდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ, ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან ერთად, საერთო ძალისხმევითა და დიალოგის გზით, შესაძლებელი გახდება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდგომ ეტაპზე გადაყვანა.
ელჩმა, ასევე, ისაუბრა ქვეყნის სტრატეგიულ როლზე რეგიონულ და გლობალურ დაკავშირებადობაში და ხაზი გაუსვა საქართველოს ჩართულობას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი და ქვეყნის ევროპული ისტორიისა და კულტურის ამსახველი გამოფენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიის სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების, ნატოსა და ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი, სასულიერო პირები და ბელგიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.