საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ბელგიაში კულტურის სფეროში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

2021 წლის 4 ნოემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოში, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის შეხვედრა ბელგიაში კულტურის სფეროში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ღონისძიების ფარგლებში საუბარი გაიმართა ბელგიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის, კულტურული ფესტივალი ევროპალია 2023-სთვის მზადების საკითხების თაობაზე, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, რათა საქართველომ, პარტნიორი ქვეყნის სტატუსით, ევროკავშირის დედაქალაქში წარადგინოს ქართული კულტურა.
შეხვედრის დროს, საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე კულტურის სფეროში მოღვაწე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ხელოვანების, ქართული დიასპორის წარმომადგენლების მნიშვნელოვან როლს.
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა ისაუბრეს პარლამენტის კულტურის კომიტეტის მიზნებსა და ამოცანებზე. ასევე, კომიტეტის სამომავლო გეგმებსა და, ზოგადად, იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც კულტურის სფერო დგას განსაკუთრებით კოვიდ პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო.
დისკუსიის ფორმატში გამართული შეხვედრის დროს, ბელგიაში კულტურის სფეროში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავჯდომარეს გაუზიარეს საკუთარი ხედვები კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებების განვითარების შესაძლებლობების, ამ სფეროებში არსებული გამოწვევების და მათი მზაობის თაობაზე, საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.