მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ვებ-გვერდზე
ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიას არსებული გამოწვევების, მაგრამ ამავე დროს, უპრეცედენტო შესაძლებლობების პერიოდში. სამ ათწლეულზე მეტია, რაც ჩვენი საელჩო საქართველოს წარმოადგენს ბრიუსელში, ემსახურება ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ხელს უწყობს მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ბელგიასა და ლუქსემბურგთან.
ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იყო საქართველოს არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, რაც ასევე განმტკიცებულია ქვეყნის კონსტიტუციაში. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქართველი ხალხი ყოველთვის ურყევად უჭერდა მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, მათ შორის, რუსეთის სამხედრო აგრესიის და საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ, გაფართოების საკითხი კვლავ დააბრუნა ევროკავშირის დღის წესრიგში და საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთეს. რამდენიმე თვის შემდეგ, ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუღო ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა საგარეო პოლიტიკაში, რადგან ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო ევროპული ოჯახის პოლიტიკურად განუყოფელი ნაწილი გახდა.
ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ძალისხმევას დემოკრატიის გაძლიერებისა და კონსოლიდაციის პროცესში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უკეთ დაცვასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული კარგი მმართველობის უზრუნველყოფაში. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიცაა. განსაკუთრებით კი, აღსანიშნავია, რომ ევროპულმა ინტეგრაციამ საქართველო ევროკავშირის საკვანძო პარტნიორად აქცია რეგიონში.
2023 წელს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებით, საქართველო ევროინტეგრაციის სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა, რითაც ქვეყანას რიგი ახალი შესაძლებლობები გაეხსნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველო შეუქცევადად დაადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზას.
აღსანიშნია, რომ საქართველო, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სულ მცირე ბოლო 10 წლის მანძილზე გაწეული ინტენსიური ძალისხმევის შედეგებით უერთდება, რომელიც 2014 წელს ხელმოწერილი, ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, მოიცავს როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ისე მის ნორმებსა და სტანდარტებთან ქვეყნის დაახლოებას. ჩვენ თანმიმდევრულად ვცდილობდით საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან, მაშინაც კი, როდესაც გაწევრიანების ფორმალური პერსპექტივაც კი არ გვქონდა. თუმცა, ამ დაუღალავმა შრომამ თავისი შედეგები გამოიღო და ახლა, როდესაც გაწევრიანების ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით, საკმაოდ კარგი პოზიციები გვაქვს გაფართოების ანგარიშით გათვალისწინებულ სხვადასხვა სფეროში.
უსაფრთხოება ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი სფეროა, სადაც ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ. საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის (CSDP) მისიებში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ერთ-ერთი თანა-თავმჯდომარე და ასევე, ერთადერთი საერთაშორისო დამკვირვებელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მეშვეობით.
არა ერთი წელია, საქართველო ნათელი მაგალითია ევროკავშირის გარდამქმნელი ძალისა იმ ქვეყანაში, რომლის საზოგადოების უმრავლესობაც ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია. გრძელი გზა გავიარეთ, იმისთვის რომ ვყოფილიყავით ევროკავშირის მეზობელი ქვეყანა, შემდეგ ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი და ახლა, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა. ჩვენ განვაგრძობთ დემოკრატიულ რეფორმებს, საკანონმდებლო და პოლიტიკურ დაახლოებას ევროკავშირთან, რათა გადავიდეთ გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე და მივაღწიოთ საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას.
ევროკავშირთან საქართველოს მისიასთან ერთად, ჩვენ ასევე წარმოვადგენთ საქართველოს ბელგიასა და ლუქსემბურგში. მას შემდეგ, რაც საქართველომ და ბელგიამ აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები სამი ათწლეულის წინ, თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის სტაბილურად ვითარდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბელგიასთან არსებული ისტორიული კავშირები სათავეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდიდან, მე-20 საუკუნიდან იღებს. 1920 წელს, საქართველოს სტუმრობდნენ ცნობილი ბელგიელი სახელმწიფო მოღვაწეები, მათ შორის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და სახალხო ჯანდაცვის მინისტრი ემილ ვანდერველდი, რომელმაც, მოგვიანებით, ჟურნალ „Le Peuple“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში თბილისზე საუბრისას დაწერა, რომ „სწორედ ამ ქალაქში დაიწყო ნამდვილი დემოკრატიული წყობილების მშენებლობა“.
საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობები, ბოლო პერიოდში აქტიურ დინამიკას იძენს, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. ამის ნათელი დადასტურებაა რეგულარული ორმხრივი მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები როგორც თბილისში, ისე ბრიუსელში. საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს შორის ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილს. როგორც ბელგია, ისე ლუქსემბურგი აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ასევე დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსადმი მათი მუდმივი მხარდაჭერით. ამასთან, ორივე ქვეყანა არის საქართველოს ღირებული პარტნიორი, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ბელგიასა და ლუქსემბურგში მცხოვრებ ქართველებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველო-ბელგიასა და საქართველო-ლუქსემბურგს შორის ურთიერთობების განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული დიასპორა კვლავაც განაგრძობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას.
საელჩოს ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოს პოპულარიზაცია ბელგიაში - ჩვენი კულტურის, ისტორიის და ფუნდამენტური ღირებულებების წარმოჩენა, რათა რაც შეიძლება მეტმა ბელგიელმა იცოდეს, თუ რამდენად მდიდარია საქართველო და მისი კულტურული მემკვიდრეობა. სწორედ ამ მიზნით, გავაკეთეთ განაცხადი და მოგვეცა შესაძლებლობა საქართველო ყოფილიყო ბელგიის მთავარი კულტურის ფესტივალის „ევროპალია“ მასპინძელი ქვეყანა. შედეგად, ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ბრიუსელის, ანტვერპენის, ლიეჟის, გენტის და სხვა ქალაქების წამყვანი თეატრები, საკონცერტო დარბაზები და კულტურული ცენტრები ქართველ მხატვრებს, მსახიობებს, მომღერლებს, მოცეკვავეებსა და სხვა მრავალ ხელოვანს მასპინძლობდა. ფესტივალს განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა იმ გარემოებამაც, რომ მისი მსვლელობისას, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ეს საიტი, საელჩოს თანამშრომლების მეშვეობით, შეეცდება იყოს თქვენი გზამკვლევი და მოგაწოდოთ ინფორმაცია როგორც საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო ურთიერთობების, ასევე, ბელგიასა და ლუქსემბურგთან დინამიური თანამშრომლობის შესახებ.