საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში მიიღო მონაწილეობა

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ევროპული არჩევანის სიმტკიცეს, რასაც ამყარებს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლით მინიჭებული წევრობის უფლება. პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო ასოცირებული ტრიოს საკითხს და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი პარტნიორობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის - დიფერენციაციის ნათელი გამოხატულებაა. მან გამოთქვა მოლოდინი, რომ მომდევნო პერიოდში ტრიოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება საერთო ინტერესის სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს სამი ქვეყნის მიერ ასოცირების შეთახმებებით გახსნილი შესაძლებლობების სრულად ათვისებას. სამიტზე პრემიერ-მინისტრმა მონაწილეთა ყურადღება კიდევ ერთხელ მიმართა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებისადმი და მოუწოდა ევროკავშირს გაძლიერებული ჩართულობისაკენ კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში, პირველ რიგში ევროკავშირის შუამავლობით  დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელების მიმართულებით.
 
სამიტი მიესალმა სამი ასოცირებული პარტნიორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის, ე.წ. „ასოცირებული ტრიოს“ ძალისხმევას, რომელიც ევროკავშირთან  თანამშრომლობის  გაღრმავებისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს ამ პროცესში ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებების შესრულებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. 
 
ლიდერებმა კვლავ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაციის მუდმივად დესტაბილიზაციასა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევებზე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში. 
 
სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის  ერთ-ერთი მთავარი პრინციპის - დიფერენციაციის მიმართ, რომლის საფუძველზეც ხდება პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ინდივიდუალურად მინიჭება. ამ კონტექსტში განიხილება  ასოცირებული ტრიოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი სამიზნის გამოყოფა, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობითი ინტეგრაცია, რაც ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის მაქსიმალურ ჰარმონიზაციასა და ე.წ. ოთხი თავისუფლებით სარგებლობის მასშტაბის ეტაპობრივად გაზრდას გულისხმობს.
 
სამიტზე ლიდერებმა მიიღეს პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალური ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხის მიმართ არის გამოხატული მხარდაჭერა. დეკლარაციის ნაწილს წარმოადგენს ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული საქართველო. შედეგად განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, საზოგადოებების, გარემოს დაცვითი  და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების მედეგობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს მომავალი წლების განმავლობაში. დღის წესრიგი ორ მთავარ - მმართველობისა და ინვესტიციების საყრდენს  ეფუძნება და პირობითობის სქემებზე იქნება აგებული რაც მოიაზრებს პროექტების განხორციელებას კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის მიმართულებით რეფორმების გატარების შესაბამისად. 
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის მედეგობის ზოგადი ინსტრუმენტების მაქსიმალური გაძლიერებისა,  გულისხმობს მნიშვნელოვანი მოკლე და საშუალოვადიანი კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი, 2.3  მილიარდი ევროს ოდენობის  (17 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალით) რეგიონული საინვესტიციო  გეგმის მეშვეობით განხორციელდება. საქართველოსთვის აღნიშნული გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგო და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. 

განხორციელდება ასევე სხვა მნიშვნელოვანი პროექტები, რომელთა სარგებელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და ხელშესახები იქნება. ესენია: 
 
- ერთიანი გადახდის სივრცეში გაწევრიანება;
- რეგიონის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან როუმინგზე ფასების მაქსიმალური შემცირება; 
- მცირე და საშუალო საწარმოთა, მათ შორის სტარტაპების მხარდაჭერა; 
- გზების უსაფრთხოების ობსერვატორიის დაფუძნება (სამდივნო განთავსდება საქართველოში);
-  სტუდენტებისა და აკადემიური წრეების მობილობის ხელშეწყობა და ევროპის სოლიდარობის კორპუსის, ერასმუს პლუსისა და ჰორიზონტი ევროპის პროგრამებით სარგებლობის გაფართოება;
- საქართველოში არსებული ევროპული სკოლის პროექტის დასრულება და სრულფასოვან საშუალო სკოლად გარდაქმნა, ევროპულ საგნებზე ფოკუსით,
- ჭკვიანი სპეციალიზაციის სტრატეგიების განხორციელება და ტექნოლოგიების გაზიარების გზამკვლევების ჩამოყალიბება;
- კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების წახალისება; 
- განახლებადი ენერგორესურსების პოტენციალის შესწავლა-განვითარება; ინოვაციების დანერგვა, განახლებადი წყალბადის ენერგიის ძიება;
- მაღალსიჩქარიანი ინტერნეტიზაციის ხელშეწყობა; 
- ციფრული ხელმოწერების ურთიერთაღიარება როგორც პარტნიორ ქვეყნებს შორის, ისე ევროკავშირთან; 
- მიგრაციისა და მობილობის პარტნიორობების განხორციელება შრომითი მიგრაციის ინიციატივების ხელშეწყობის ჩათვლით და სხვა. 
 
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მის ფარგლებში ხდება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და პოლიტიკური საკითხების განხილვა და შეთანხმება  მხარეებს შორის.