საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს უმასპინძლა

2022 წლის 20 სექტემბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ ივნისში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ. ვახტანგ მახარობლიშვილმა COEST დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობასა და საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე. ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის პირობების იმპელემნტაციაზე, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

COEST წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და მის გავლენას საქართველოზე. საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

აღსანიშნავია, რომ COEST დელეგატებთან შეხვედრა საქართველოში მათი დაგეგმილი ვიზიტის წინ გაიმართა.