საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC) სლოვაკეთის წარმომადგენელს, ელჩს, მიჰალ კომადას შეხვდა

2021 წლის 25 ოქტომბერს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტში (PSC) სლოვაკეთის წარმომადგენელს, ელჩს, მიჰალ კომადას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს. ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თემატიკა ყოველთვის აქტუალურ საკითხად რჩებოდეს ევროკავშირის დღის წესრიგში, უმაღლეს დონეზე.
ამასთან, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას, 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, ასოცირებული ტრიოს ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.