საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის.