საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისრებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ქ. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა  ევროკომისრებთან ტრანსპორტის, კრიზისების მართვის და გარემოს დაცვის საკითხებში, ადიანა ვალეანთან,  ვირგინიუს სინკევიჩიუსთან და იანეს ლენარჩიჩთან. 


ევროკომისრებთან შეხვედრებზე  მხარეებმა ძირითადი ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტებსა და აქტუალურ მიმართულებებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, ასევე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის  დინამიკურ პროცესზე. 


მხარეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს და შემდგომ ნაბიჯებს, ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს, რაც სწორედ ქვეყნის მიერ წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ დადგა. აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის ასახვას ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებებსა და სამომავლო გეგმებში. 

დარგობრივ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, საქართველო-ევროკავშირის მიმდინარე თანამშრომლობის კონტექსტში დადებითად შეფასდა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხრიდან განხორციელებული რეფორმები. 

ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისართან ადიანა ვალეანესთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის უმნიშვნელოვანეს როლს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას საერთო პრიორიტეტებზე ევროკავშირის დაკავშირებადობის სტრატეგიის კონტექსტში. 

კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან იანეშ ლენარჩიჩთან შეხვედრაზე დადებითად შეფასდა კრიზისების მართვის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს მიერ კოვიდ-პანდემიის მართვისთვის მიღებული ზომები და ევროკავშირის დახმარება ამ პროცესში. 

გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისართან, ვირგინიუს სინკევიჩიუსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება და გამოთქვა ევროკომისიის მზაობა, კიდევ მეტად გააღრმაოს საქართველოსთან თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროებში. 

ევროკომისრებთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ მუშაობას ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების ახალი 2021-2027 წლების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტების რეალიზაციის მიზნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით 1-2 ივნისს სტუმრობს, ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკომისრების  პარალელურად შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტში.