საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს დევიდ მაკალისტერს შეხვდა

2022 წლის 11 ივლისს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) ვიზიტი საქართველოში, რომელიც 20-21 ივლისს დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით გაიმართება. 
ასევე, მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს 2022 წლის 23 ივნისს, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რითაც ევროპულმა საბჭომ  დაადასტურა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია. ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულებაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპარლამენტის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და მის გავლენას საქართველოზე. ამასთან, ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
შეხვედრის დასასრულს ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.