საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში ენრიკე მორას შეხვდა

2022 წლის 31 ოქტომბერს ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში, ენრიკე მორასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ძალისხმევა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ევროკავშირში წევრობის პოტენციური კანდიდატის სტატუსის აღიარებას. ელჩმა ევროპელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის პირობების შესრულების, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის შედეგები. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლზე და მონიტორების ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის აუცილებლობაზე. მათ ასევე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მომდევნო შეხვედრის საკითხი.