საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში, ჩარლზ ფრიზსთან

2022 წლის 4 ნოემბერს ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში, ჩარლზ ფრიზსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე აგრესიული ომის შედეგები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. საქართველოს ელჩმა ევროპელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების ბოლოდროინდელი პროვოკაციების, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის, უკანანო დაკავებების, გატაცებებისა და  სხვა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე. ამ ფონზე ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის აუცილებლობას. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლზე და აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისიის მონიტორების შესვლის აუცილებლობა ადგილზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, "სტრატეგიული კომპასით” განსაზღვრული მიმართულებებით პარტნიორობის განვითარების თემა. გენერალური მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ევროკავშირის მისიებში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერას, მათ შორის, ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტის ფარგლებში.