საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბრიუსელში საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

2022 წლის 20 დეკემბერს ბრიუსელში საქართველოს საელჩოში საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ისტორიის ამსახველი საარქივო ფოტომასალის გამოფენა. წარმოდგენილი იყო 1920 წელს საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბელგიელი პოლიტიკოსების - ემილ ვანდერველდეს (იუსტიციის მინისტრი), კამილ ჰუისმანსის (მოგვიანებით ბელგიის პრემიერ მინისტრი) და ლუი დე ბრიუკერის - ვიზიტის ამსახველი ფოტომასალა, 1933 წელს ბათუმში ცნობილი ბელგიელი მწერლის - ჟორჟ სიმენონის - მოგზაურობის დროს მის მიერვე გადაღებული სურათები, აგრეთვე საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე 1992 წლის 5 ივნისს საქართველოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჩიკვაიძისა და მისი ბელგიელი კოლეგის ვილი კლაესის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ასლი.

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, აგრეთვე ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებში, იერონ კორემანმა. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ყურადღება გაამახვილა 2022 წლის განმავლობაში მაღალ დონეზე გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელგიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საჭიროებას და აღნიშნა, რომ 2023 წელს დაგეგმილი საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია - საქართველო“ მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს ბელგიასა და ევროპაში საქართველოს ევროპული იდენტობის, ისტორიისა და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.  

ღონისძიების ფარგლებში, ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ელენე ნიკოლეიშვილმა შეასრულა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ნაწარმოებები. აღინიშნა, რომ ცნობილი მაესტრო სიცოცხლის ბოლო წლებში ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მოღვაწეობდა.

გამოფენის შემდეგ გაიმართა მიღება, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს ქართული ღვინითა და სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ.

Vakhtang Makharoblishvili

 

Occupied Territories of Georgia

COVID19

Good Human Rights Stories : Georgia

eVISA portal