Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ხელოვნების ფესტივალისადმი - „ევროპალია-საქართველო“ მიძღვნილი საზეიმო მიღება

2023 წლის 14 ივნისს ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ხელოვნების ფესტივალისადმი „ევროპალია-საქართველო“ მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
 
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა; ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა, აჯა ლაბიბმა; და ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ. თავის გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპულ ისტორიასა და კულტურაზე, რაც უპრეცედენტო მასშტაბით იქნება წარმოდგენილი წლევანდელი „ევროპალიის“ ფესტივალზე და ხაზი გაუსვა წლის ბოლოს ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. საქართველოს ევროპულ იდენტობაზე ყურადღება გაამახვილა აჯა ლაბიბმაც და განაცხადა: „ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ ვიმოქმედებთ შესაბამისად, ლისაბონიდან თბილისამდე აყვავებული ევროპის ინტერესებში.“ ოლივერ ვარჰეიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“ და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლის დამოუკიდებლობის დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება.
 
ღონისძიების ფარგლებში, ქართული მრავალხმიანობით შესრულდა საქართველოს, ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირის ჰიმნები. აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ცეკვებით „ცდო“ და „ჯუთა“; ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული სიმღერით „ჩაკრულო“; მსოფლიო მასშტაბის სოპრანო ნინო მაჩაიძე, ჯაკომო პუჩინის ცნობილი საოპერო არიით; ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, რევაზ ლაღიძის გამორჩეული ნაწარმოებით „რონდო-ტოკატა“. ღონისძიებას ჯაზ-კომპოზიციებისა და ქართული კინო-მუსიკის შესრულებით აფორმებდა ბენდი „NiUTONE“.
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მიღება წელს სრულად მიეძღვნა ხელოვნების ფესტივალს „ევროპალია-საქართველო“, რომლის პროგრამაც საქართველოს კულტურისა და ბელგიის საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრებმა დღის პირველ ნახევარში ოფიციალურად წარადგინეს. „ევროპალია-საქართველო“ 2023 წლის ოქტომბერში გაიხსნება, თუმცა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ეხილათ ფესტივალის კულტურული პროგრამის მცირე ნაწილი.
 
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს, ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ცენტრებისა და მასმედიის წარმომადგენლები.