ანტვერპენის ქართულმა საბავშვო თეატრმა სპექტაკლის - „დიდოსტატის მარჯვენა“ პრემიერა გამართა
2024 წლის 3 ნოემბერს, ბელგიის სამეფოს ქალაქ ანტვერპენში წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიასთან არსებულმა თეატრმა „ჩვენ დავბრუნდებით“, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, სპექტაკლის - „დიდოსტატის მარჯვენა“ პრემიერა გამართა.
კონსტანტინე გამსახურდიას ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დადგმული სცენარის ავტორი იყო ხსენებული თეატრის ხელმძღვანელი მანანა ხორბალაძე.
თეატრალურ წარმოდგენაში მონაწილეობდნენ საქართველოდან მიწვეული პროფესიონალი არტისტები, მოყვარული მსახიობები და ანტვერპენში მოქმედი ბერი გაბრიელის სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეები.
თეატრალური წარმოდგენის შემდეგ, მაყურებელმა, ასევე, იხილა ანტვერპენის ქართული საბავშვო თეატრის აღსაზრდელების საშემსრულებლო კონცერტი და ნაწყვეტი ქართველი რეჟისორის, ნიკოლოზ ხომასურიძის დოკუმენტური ფილმიდან- „მგზავრი წერილებით“, რომელიც ევროპასა და ამერიკაში 12 ქართული საკვირაო სკოლის მოღვაწეობას უკავშირდება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენელი, ვახტანგ მახარობლიშვილი, სასულიერო პირები და ბელგიის ქართული დიასპორის წარმომადგენლები.