ვახტანგ მახარობლიშვილი კამილო ვილარინო მარცოს შეხვდა
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის (HRVP) კაბინეტის ხელმძღვანელთან, კამილო ვილარინო მარცოსთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მხარეებმა გამოხატეს მზაობა გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა, რათა წლის ბოლოს ევროპული საბჭოს (EUCO) გადაწყვეტილებით საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და აღნიშნულ კონტექსტში განხილულ იქნა რეგიონსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM), როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.