ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირში მალტის მუდმივ წარმომადგენელს მარლენ ბონიჩის შეხვდა
2023 წლის 3 ნოემბერს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკავშირში მალტის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩთან, მარლენ ბონიჩისთან.
შეხვედრაზე ვახტანგ მახარობლიშვილმა მალტელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და მიღწეული პროგრესის თაობაზე და განსაკუთრებული ყურადღება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესის მიმდინარეობაზე გაამახვილა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა პოზიტიურად შეფასდება და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაში აისახება.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განხილულ იქნა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციის საკითხი და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.