ევროკომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „კონტრიბუციის შეთანხმების“ შესახებ განცხადებას ხელი მოეწერა
2023 წლის 25 ოქტომბერს, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა ხელი მოაწერეს ევროკომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „კონტრიბუციის შეთანხმების“ შესახებ განცხადებას.
შეთანხმება გულისხმობს ევროკომისიის მიერ, EIB-ის საინვესტიციო გრანტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომლის მოცულობაც 16 მილიონ ევროს შეადგენს და გამიზნულია ისეთი პროექტის განხორციელებისთვის, როგორიცაა: „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციები (GTC) - საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება.“
პროექტის მიზანია, შემდგომი წლების განმავლობაში საქართველოში განვითარდეს საგზაო-სატრანსპორტო ქსელები და ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ, დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს საქართველოს მთავრობასთან.
აღნიშნული განცხადებით, ევროკომისია და ევროპის საინვესტიციო ბანკი ადასტურებენ, რომ დასრულდა „კონტრიბუციის შეთანხმების“ გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები.