Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში

საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში აკრედიტებულია ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში

საქართველოს საელჩომ ბელგიაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის სააღდგომო ღონისძიებას უმასპინძლა

2025 წლის 3 მაისს ბრიუსელში საქართველოს საელჩომ ბელგიაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. ღონისძიება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსა და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბრიუსელის საკათედრო ტაძართან არსებული ქართული საკვირაო სკოლის, ქალაქ ანტვერპენში წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლისა და ლიტერატურული თეატრის, ასევე ქალაქ ლიეჟში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სამრევლოსთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა.

 

მისასალმებელ სიტყვაში, საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა საკვირაო სკოლების აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მან შეკრებილ საზოგადოებას წინასწარ მიულოცა ასევე მოახლოებული ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი. ელჩმა ქართული დიასპორისა და საკვირაო სკოლების წარმომადგენლების მიმართ მადლიერება გამოხატა საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის.

 

სტუმრებს სიტყვით მიმართა ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს საკვირაო სკოლების აღსაზრდელებისთვის ტრადიციად ქცეული ღონისძიების ორგანიზებისთვის. მან ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ერთიანობისა და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობას.

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სადღესასწაულო შემეცნებით-გასართობი პროგრამა, თამაშებით, ხელნაკეთი ნივთებითა და პროფესიონალი ილუზიონისტის ჯადოსნური წარმოდგენით. თავის მხრივ, საკვირაო სკოლების აღსაზრდელებმა საღამო ქართული ლექსების, სიმღერების, ცეკვების შესრულებითა და ფოლკლორული წარმოდგენით გაალამაზეს.

 

ღონისძიება მცირე მიღებით დასრულდა და ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, საქართველოს ეროვნული სიმბოლიკით.