ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
2026 წლის 4 ივნისს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობისა და ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი ორგანიზებით, ბრიუსელში მდებარე მუზეუმში „ბელვიუ“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა და ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.
ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ბრძოლაზე თავისუფლებისთვის და იმ ფუნდამენტურ ფასეულობებზე, რომლებიც ქვეყნის საყრდენს წარმოადგენს. ელჩმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას და აქცენტი გააკეთა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისათვის, საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად ევროკავშირში გაწევრიანება რჩება. აქვე ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე და ხაზი გაუსვა კომპლექსური გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო გარემოში, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. გამოსვლისას, ელჩმა აგრეთვე აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონული და გლობალური დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში და ისაუბრა ქვეყნის ჩართულობაზე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურულ და სატრანსპორტო პროექტებში.
ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელმა, ირაკლი ბერაიამ ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს ფასდაუდებელ კონტრიბუციაზე, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის გაძლიერებაზე. მისი მხრიდან განსაკუთრებულად აღინიშნა ეროვნული ინტერესების დაცვასა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს მიერ წარმოებული პრაგმატული პოლიტიკის მნიშვნელობა. ირაკლი ბერაიამ ხაზგასმით ისაუბრა საქართველოს რეგიონების დეოკუპაციაზე და სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება მუსიკალურად გააფორმა სიმებიანმა კვარტეტმა, ბელგიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსის, ლევან ფაღავას ხელმძღვანელობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბელგიის სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების, ნატო-სა და ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აგრეთვე, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსი, სასულიერო პირები და ბელგიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.
